პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებს პროკურატურა სწავლობს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის სკანდალურ შეწყალებებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ პროკურატურაში განუცხადეს.

„დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.

ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

ოპოზიციამ ზურაბიშვილს კრიმინალების პრეზიდენტი უწოდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელი და პასუხგასაცემია მმართველი გუნდისთვისაც.

პოლიციელის მკვლელის შეწყალების გამო კრიტიკა არ დამცხრალა, როცა მორიგი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.

16 სექტემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი შეწყალებული პირის ვინაობა, გაირკვა, რომ შეწყალებულ პირს ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია და ის ძებნილია.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.


primetime.ge

Related posts