ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა

უმრავლესობას კიდევ ერთი ვიცესპიკერი ტოვებს, ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

„იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც იმყოფება საქართველო ბოლო 8 წელია, შეიცვლებოდა, დივერსიფიკაცია მოხდებოდა პოლიტიკურ მინდორზე, მოხდებოდა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის შესაძლებლობის მიცემა… ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა

იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, როცა გუნდს ასე ვჭირდებოდით: დიდი ბოდიში თქვენთან ყველასთან. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, ვინც გუშინ გადაწყვიტა მხარი არ დაეჭირა საკონსტიტუციო ცვლილებისთვის. კონსერვატორებს არცერთხელ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო, ხშირად დავზარალებულვართ კიდეც პოლიტიკური თვალსაზრისით. მაგრამ არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც ღებულობენ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს, რაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც არის გაუმართლებელი“ – აცხადებს ძიძიგური.

რაც შეეხება დანარჩენ კონსერვატორებს, რომლებიც პარლამენტში მანდატებს ჯერ არ ტოვებენ, მათი გადაწყვეტილების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პარტიაში ამაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ ძიძიგური მეათე დეპუტატი და მეორე ვიცესპიკერია, რომელმაც გუშინ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

 

primetime.ge

Related posts