მეცნიერები Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებისთვის გულის სკანირების აუცილებლობაზე მიუთითებენ

მეცნიერები Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებისთვის გულის სკანირების აუცილებლობაზე მიუთითებენ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ჰოსპიტალიზებული აცხადებს, რომ მას გულის ჩივილები არ აქვს.

ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერების განცხადებით, Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში ჩატარებული გულის სკანირების (ექოკარდიოგრაფია​) შედეგად დადგინდა, რომ დაავადებულებს გულის მთელი რიგი პათოლოგიები გამოუვლინდათ.

მკვლევარებმა 69 ქვეყნიდან 1200–მდე კოვიდ–ინფიცირებული პაციენტის გულის ექოკარდიოგრაფია​ შეისწავლეს.

კვლევის შედეგების თანახმად, “პაციენტთა 55%–ს განუვითარდა გულის პრობლემები, მათ შორის ყოველი 7–დან ერთს გულის სერიოზული პათოლოგიები დაუფიქსირდა. პაციენტთა მესამედზე მეტს პარკუჭების დაზიანება, 3%–ს გულის შეტევა, ხოლო 3%-ს გულის კუნთის ანთება გამოუვლინდა. რაც ყველაზე მთავარია, 1200 ინფიცირებულიდან უმეტესობამ სკანირების გაკეთებამდე არც კი იცოდა გულის, რა პათოლოგიები ჰქონდა”.

“გულის პათოლოგიების მართლაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. პრობლემა პაციენტთა თითქმის ნახევარში გამოვლინდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამას ვირუსული ინფექცია იწვევს”, – განაცხადა ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარმა ანდა ბულარგამ.

მეცნიერების თქმით, ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ჩინეთსა და იტალიაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, კოვიდ–ინფიცირებული პაციენტების 20%–ს გულის მწვავე დაავადებები განუვითარდათ.

“Covid-19 არის რთული, მრავალ სისტემური დაავადება, რომელსაც შეუძლია, გავლენა იქონიოს სხეულის ბევრ ნაწილზე, მათ შორის გულზე. როდესაც კოვიდ–ინფიცირებულის ჰოსპიტალიზება ხდება, ბევრი ექიმი თავს იკავებს, რომ მას გულის ექოკარდიოგრაფია​ გადაუღოს, რადგან ეს დამატებითი პროცედურაა, რომელიც პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტს მოითხოვს. ჩვენი კვლევიდან ჩანს, რომ გულის სკანირება მნიშვნელოვანია: აღნიშნული პროცედურის ჩატარების შემდეგ პაციენტთა მესამედში მკურნალობა უფრო ეფექტური გახდა. ზოგადად, შესაძლოა, ნებისმიერმა მძიმე ვირუსულმა დაავადებამ დააზიანოს ადამიანის გული, თუმცა Covid-19–ის შემთხვევაში ეს დაზიანებები უფრო ხშირია. ახალ გასარკვევია, ამ დაზიანების ზუსტი მექანიზმი, – ანუ იქნება ეს დაზიანება აღდგენადი და რა პერიოდის განმავლობაში [ინფიცირების, განკურნების შემდეგაც] ახდენს ზეგავლენას Covid-19 ადამიანი გულზე”, – განაცხადა ედინბურგის უნივერსიტეტის მეცნიერმა მარკ ქვერკმა.

იხილეთ ასევე: მეცნიერები – იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც Covid–19–სგან განიკურნენ, ტვინის მძიმე დაზიანებები გამოვლინდა

ცნობისთვის: მსოფლიოში COVID-19–მა 571 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000 000–ს გადააჭარბა, 7 589 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 857 ადამიანი, ხოლო 15 გარდაიცვალა.

Related posts