ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალიდან იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, 1-ელ ივლისს იწყება. გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, ხოლო 14 ივლისიდან პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

დაინტერესებულ პირებს 2021 წლის გამოცდების დეტალური განრიგი შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე შეუძლიათ ნახონ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 700-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის 12 800-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატია დარეგისტრირებული.

მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა – ამ ჩამონათვალში არიან ის აპლიკანტებიც, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაზე.

როგორც შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდები წელსაც კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდება. აბიტურიენტებს, რომლებსაც დადასტურებული ექნებათ კორონავირუსი, გამოცდებს მოგვიანებით, სპეციალურად დანიშნულ სესიაზე ჩააბარებენ.

67 ნახვა
desktop
mobile catfish