COVID19-ის გამო, შიდა ქართლში მოქმედი სკოლების 40 კლასი და ერთი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

კოვიდინფექციის შემთხვევების დაფიქსირების გამო, შიდა ქართლში მოქმედი სკოლების 40 კლასი და ერთი სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, 6-მა საბავშვო ბაღმა კი ფუნქციონირება შეაჩერა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, შიდა ქართლში ვითარება საყურადღებოა. კოვიდინფექციის შემთხვევების მატების გამო, ონლაინ სწავლებაზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტი სკოლა გადადის.

„რეგიონის მასშტაბით არსებულ საჯარო სკოლებში დისტანციურ რეჟიმზე გადასული სკოლების სტატისტიკა ძალზე საყურადღებოა. ამ დროისთვის გორის 10 სკოლაში ონლაინ სწავლებაზე გადასულია – 11 კლასი, ერთგან კი, სკოლა სრულად გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. ქარელში 7 სკოლის 14 კლასია დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან, ქარელის 3-მა საბავშვო ბაღმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ხაშურში, დისტანციურ სწავლებაზე 6 სკოლის 8 კლასია გადასული, 3-მა საბავშვო ბაღმა კი ხაშურშიც შეაჩერა ფუნქციონირება. რაც შეეხება კასპს, ონლაინ სწავლებაზე 5 სკოლის 7 კლასია გადასული. უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, ეს მონაცემები ყოველდღიურად მატულობს“, – აღნიშნა ეკა ქორჩაშვილმა.

36 ნახვა
desktop
mobile catfish