რძისა და კვერცხის წარმოება შემცირდა, ხოლო ხორცის გაიზარდა – „საქსტატი“

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მე-3 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 972.2 ათასი სული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 441.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.2 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26 პროცენტით შემცირდა და 764.6 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 232.9 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 8.3 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა კი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 13.4 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შედგინა.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის მე-3 კვარტალში რძის წარმოებამ 168.8 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.4 პროცენტით ნაკლებია. ხორცის წარმოებამ 16.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 3.9 პროცენტით მეტია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 149.4 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.8 პროცენტით ჩამორჩება.

48 ნახვა
desktop
mobile catfish