არცერთ სავაჭრო ობიექტში არცერთი ადამიანი არ უნდა დაიშვას პირბადის გარეშე

დღეს ე.წ. შავი პარასკევია. ინფექციური კლინიკის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას, მაღალი მობილობის გამო, სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში, რეგულაციების ორმაგად დაცვისკენ მოუწოდებს.

„მთელ მსოფლიოში, დღევანდელი დღე ფასდაკლების დღედაა ცნობილი. შესაბამისად, აღინიშნება მობილობის მომატება. მოსახლეობა მკაცრად უნდა გავაფრთხილო, რომ გააორმაგოს რეგულაციების დაცვა. კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევებში, პირბადეების ტარება. არცერთ სავაჭრო ობიექტში არცერთი ადამიანი არ უნდა დაიშვას პირბადის გარეშე“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 826 714 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 768 559, გარდაიცვალა 11736 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

44 ნახვა
desktop
mobile catfish