რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვარზე შეზღუდვები მოხსნა

რუსეთმა საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები მოხსნა. ახლა რუსებს საზღვრის გადაკვეთისთვის სპეციალური საფუძველი აღარ დასჭირდებათ და მხოლოდ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატის ან კორონავირუსის PCR ტესტის საბუთი უნდა წარადგინონ, რაც გამგზავრებამდე 72 საათით ადრე უნდა აიღონ. შეზღუდვების მოხსნის შესახებ ბრძანება ფედერაციის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, რასაც რუსული Forbes ავრცელებს.

საქართველოსთან სახმელეთო საზღვარი რუსეთმა კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტის ბოლოს დახურა. საქართველოს ხელისუფლებამ ის 2021 წლის ივნისში გახსნა. რუსეთის მთავრობის ახალი ბრძანებით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მოხსნილია ზომები, რომლებიც გადაადგილებას ზღუდავდა.

შეზღუდვის ზომები აღარ გავრცელდება რუსებზე, რომლებიც საქართველოს გავლით სომხეთში, ასევე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიაზე და ყირგიზეთში მიემგზავრებიან. Forbes-ის ცნობით, მარტში რუსეთმა ეს ზომები ყაზახეთსა და მონღოლეთში მგზავრობაზეც გააუქმა.

გამოცემას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, წლის დასაწყისიდან აპრილამდე ქვეყანაში 105 000 რუსი ტურისტი შევიდა, რაც, თითქმის, ექვსჯერ მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როცა მათი რაოდენობა 18 000 მოგზაურს შეადგენდა. საქართველოში მოგზაურობის რაოდენობით რუსები მეორე ადგილზე არიან, პირველ ადგილზე თურქეთის მოქალაქეები, მესამეზე კი სომხები არიან.

Forbes-ს, ასევე, რუსების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესახებ 2022 წლის პირველი სამი თვის მონაცემები მოჰყავს, რომელიც ფედერაციის მთავრობამ მაისის დასაწყისში გამოაქვეყნა.

2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ჩასული რუსების რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა და, დაახლოებით, 38 000 ადამიანი შეადგინა. არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩასული რუსების რაოდენობა გაორმაგდა და 263 519 ადამიანი შეადგინა. ასევე, ორჯერ მეტმა, 204 947 რუსმა გადაკვეთა ყაზახეთის საზღვარი. სამჯერ მეტი, 134 000 რუსი ეწვია სომხეთს. ესტონეთში 4-ჯერ მეტი, 125 426 რუსი შევიდა, ხოლო აზერბაიჯანს რუსეთის, თითქმის, სამჯერ მეტი, 56 475 მოქალაქე ეწვია.

754 ნახვა
desktop
mobile catfish