სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდებაზე ჯარიმა მკაცრდება

პირები, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში არც მეორედ გამოცხადდებიან, 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში წერია..

საადვოკატო ბიუროს myadvokat.ge-ს ინფორმაციით, დოკუმენტშია ნათქვამია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა სავალდებულოა კანონით დადგენილი პირებისთვის. თუმცა, პრაქტიკული შემთხვევების გათვალისწინებით, ხშირად ხდება ამ ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდება როგორც სხეულის თვითდაზიანებით, ავადმყოფობის სიმულაციით ან სხვაგვარი მოტყუებით. გარდა ამისა, ხშირია სამხედრო ვალდებულების მოხდისთვის თავის არიდების მიზნით სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობა.

ცვლილების თანახმად, დაწესდება პასუხისმგებლობა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გამწვევ კომისიაში, შესაბამისი გაწვევის პერიოდში განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში წვევამდელი 2 000 ლარით დაჯარიმდება.

გარდა ამისა, კანონპროექტით, რომლის საკანონმდებლო ორგანოში წარდგენასაც მთავრობა გეგმავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობა ავადმყოფობის მოჩვენებით, სხეულის თვითდაზიანებით ან სხვაგვარი მოტყუებით.

ზემოხსენებულ ქმედებებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება მუნიციპალიტეტის მერს/თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგებელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ექნება. ხოლო, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს.

წყარო: primetime.ge

Related posts