პოლიტიკა

ეუთო/ოდირი - ოდირი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში
25 წუთის წინ

ეუთო/ოდირი - ოდირი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში

ზოგადად, საარჩევნო სუბიექტებს თავისუფლად შეეძლოთ კამპანიის წარმოება, თუმცა საარჩევნო რიტორიკა და გამოსახულებები იყო დამაშორიშორებელი, - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მისიამ შეაფასა საარჩევნო პროცესის შესაბამისობა ეუთო-ს პრინციპებთან, საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან, ისევე როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან.

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ ქვეყანამ ამომრჩევლებს ფართო არჩევანი შესთავაზა 18-კანდიდატიანი სიით, თუმცა არჩევნები გამოკვეთილი პოლარიზაციის ფონზე წარიმართა.

ანგარიშის თანახმად, კარგად იყო ორგანიზებული არჩევნების სამზადისი, მათ შორის არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანია.
სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ პარტიულ სიებში და საარჩევნო კამპანიაში ქალთა დეფიციტი ადასტურებს მეტი ძალისხმევის საჭიროებას პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა ჯეროვანი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

„ზოგადად და პროცედურულად, არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ჩატარდა, მაგრამ გამოვლინდა დაძაბული გარემო, ხშირი კომპრომისები ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევასა და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობის ფონზე, ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა დაშინებისა და წნეხის შესახებ, რაც ნეგატიურად აისახა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საერთო ჯამში, სამართლებრივი ჩარჩო საკმარის საფუძველს უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის.

ანგარიშში საუბარია კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებსა და მათ შემდგომი გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ადრე მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დააკმაყოფილა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების სამსახურის და ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია და ისინი საჯარო კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული, ბოლო - 2024 წლის - ცვლილებები, მათ შორის საპარლამენტო სიებში გენდერული კვოტები გააუქმების შესახებ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შეცვლის შესახებ, რათა გვერდი აევლოთ განმეორებითი კენჭისყრისას ხმათა უმრავლესობის ორი მესამედის მოთხოვნისთვის, გატარდა ინკლუზიური კონსულტაციების ან ფართო პოლიტიკური კონსენსუსის გარეშე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციამ ეფექტურად მართა ტექნიკური ასპექტები, ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა ჩართვებს პირდაპირ ეთერში, სწრაფად აქვეყნებდა ყველა შესაბამის მასალას ინტერნეტში და ორგანიზებას უწევდა ფართომასშტაბიან საგანმანათლებლო კურსებსა და ამომრჩეველთა საინფორმაციო კამპანიებს.
„პირველად, ელექტრონული მოწყობილობები იქნა გამოყენებული საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის, ხმის დათვლისა და წინასწარი შედეგების გადაგზავნისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებულ მხარეთა და წრეთა უმეტესობამ ეს პოზიტიურ ფაქტად მიიღო არჩევნების დღეს პროცესების გულწრფელობაში ნდობის გასაზრდელად, კარგი საერთაშორისო პრაქტიკიდან გადახვევით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მთავარ დაინტერესებულ წრეებსა და მხარეებს არ მისცა სრული წვდომა მოწყობილობებთან დაკავშირებულ პროცესებსა და დოკუმენტაციაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, ბევრ ამომრჩეველს გაუჭირდა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება არჩევნების დღეს და არც მყისიერი ინსტრუქტაჟი მიუღიათ ადგილზე, რამაც ხმის მიცემის ფარულობის პრინციპის დარღვევის ხშირი შემთხვევები წარმოქმნა.

ანგარიშის თანახმად, პარტიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია ზოგადად ინკლუზიური იყო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 პოლიტიკური პარტიის სიაში 1184 კანდიდატი დაარეგისტრირა და კანდიდატები ზოგადად თავისუფლად აწარმოებდნენ კამპანიებს.

ეუთო/ოდირი აღნიშნავს, რომ მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანია ქვეყანაში, თუმცა ძლიერ პოლარიზებულია.

რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, ორგანიზაციის შეფასებით, პროცედურულად, საარჩევნო დღე ძირითადად ორგანიზებული იყო წესრიგის დაცვით, თუმცა გამოირჩეოდა დაძაბული ატმოსფეროთი. ანგარიშში საუბარია ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევის შემთხვევებზე, რაც შესაძლებელი გახდა ბიულეტენის აპარატში შეცურების წესის, უბნების მოუხერხებელი განლაგებისა და ბიულეტენის უკანა მხარეს ხილვადი კვალის გამო.

დოკუმენტში ასევე საუბარია უბნებზე ვიდეოგადაღებასა და ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილ პროცედურულ ხარვეზებზე.

ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, ხელს შეუწყობს საქართველოში არჩევნების დაახლოებას ეუთო-ს პრინციპებთან, სხვა საერთაშორისო ვალდებულებებთან და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებთან. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს არჩევნების შემდგომი საკითხების მოგვარებაში და მომავალი არჩევნების გაუმჯობესებაში, წინამდებარე და წინამორბედ ანგარიშებში წარმოდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინებით, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობის კომპლექსური მიმოხილვის გზით.

„ოდირი მზად არის, საქართველოს ხელისუფლებას დაეხმაროს საარჩევნო პროცესის შემდგომ გაუმჯობესებაში და ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების განხორციელებაში“, - აღნიშნულია ანგარიშში.

რეგიონი

სამართალი

სხვა ამბები

მსოფლიო

სპორტი

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე

ბოლო სიახლეები

Random Image

Subscribe to the Newsletter

Join 10k+ people to get notified about new posts, news and tips.

Do not worry we don't spam!